ილჰამ ალიევი: 100 წლის შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია გაზით არა მხოლოდ საკუთარი თავი დავიკმაყოფილოთ, არამედ - მეზობლებიც და ევროპაც

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვუარები გააჩნია. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა გუშინ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. "თავის დროზე, ბაქო-სუფსა-თბილისი-ჯეიჰანი და ერზრუმის გაზსადენები რომ არ აშენებულიყო, დღეს ჩვენ ვერ ვილაპარაკებდით სამხრეთის ნაკადზე, არ გვექნებოდა ამაზე საუბრის ფუფუნება. დღეს ეს საქართველოსთვის, აზრებაიჯანისთვის და ევროპისთვის დიდი ეკონომიკურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა.  ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პროექტი წარმატებულად ხორციელდება და მე ვიმედოვნებ, რომ 2018 წელს თურქეთში და 2020 წლისათვის უკვე ევროპის ბაზარზე გავა აზერბაიჯანული გაზი. ეს არის უდიდესი ენერგეტიკული პროექტი, რომელშიც 45 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვუარები გააჩნია, ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს ასი წლის შემდეგაც შეუძლია არამარტო თავისი თავი, არამედ ბაზარი და მეზობლები დააკმაყოფილოს და კიდევ ევროპაშიც გაიტანოს", - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე ფართოდ განიხილეს ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. "დღეს, ამ ფართო ფორმატის შეხვედრაზე მე განვაცხადე, რომ აზერბაიჯანში სატრანზიტო ტვირთებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნა და ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ამ კუთხით ერთიანი პოლიტიკა აწარმოონ", - განაცხადა ალიევმა.  მისივე თქმით, მოხარულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ აქვთ წინააღმდეგობა და აზრთა სხვადასხვაობა. "ჩვენ მეგობრები ვართ, ძმები ვართ და დღევანდელი ეს წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა ჩვენი სამომავლო ურთიერთობების დინამიური განვითარებისთვის წარმართული ნაბიჯია", - განაცხადა ალიევმა.