კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელი: ლარი 30%-ით გაუფასურდა და ეს იგრძნობა ქუჩაში, რადგანაც ხალხს შეიძლება მომავლის შიში ჰქონდეს

ლარი 30%-ით გაუფასურდა და ეს იგრძნობა ქუჩაში, რადგანაც ხალხს შეიძლება მომავლის შიში ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელმა, ჯანან ატილგანმა სასტუმრო "თბილისი რუმსში" განუცხადა, სადაც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით დისკუსია მიმდინარეობს.

დისკუსიას ესწრებიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, "თიბისი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი ბადრი ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  როგორც კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, აქ შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ეკონომიკურ საკითხებზე გამართონ დებატები ფართო საზოგადოებასთან.  "რასაკვირველია, საქართველოს ეკონომიკა გამოწვევის წინაშე ნამდვილად დგას, რადგან ეროვნული ვალუტა 30%-ით გაუფასურდა და ეს იგრძნობა ქუჩაში, რადგანაც ხალხს შეიძლება ქუჩაში მომავლის შიში ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მთავრობას თავისი პროგრამა აქვს, მთავრობა ზომებს იღებს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ განვიხილოთ ეს საკითხები დებატების ფორმით და გვინდა, რომ ყველა მხარეს მოვუსმინოთ, ერთმანეთს იდეები გავუზიაროთ", - განაცხადა ჯანან ატილგანმა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანას ადგილობრივი გარემოებებიდან გამომდინარე თავისი მოდელი გააჩნია. თუმცა მისივე თქმით, დღევანდელ დისკუსიაზე მოხდება განხილვა გერმანიის მოდელის.