საქართველოში მედიკამენტების ფასი გაიზარდა

ბოლო პერიოდში საქართველოში მედიკამენტების ფასი 5%-დან 20%-მდე გაიზარდა.

აფთიაქებში ამბობენ, რომ ფასმა არა მხოლოდ სარეცეპტო, არამედ ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც მოიმატა. როგორც bpn-ს რამდენიმე აფთიაქში განუცხადეს, განსაკუთრებით გაძვირდა ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები. აფთიაქებში წამლებზე ფასის მატებას კვლავ ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.

გაძვირებულ მედიკამენტებზე საუბრობენ მომხმარებლები, რომლებსაც ბოლო დღეებში მედიკამენტების შეძენა გაძვირებულ ფასად უწევთ. ზეინაბ ნასყიდაშვილი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ”დიკლოფეროლის” მუდმივი მომხმარებელია. ის ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მისი ფასი თვალშისაცემია.

”სახსრები მაწუხებს და მხოლოდ ”დიკლოფეროლი” მიყუჩებს ტკივილს. თითქმის ყოველდღიურად მოვიხმარ. თუმცა ბოლო პერიოდში იმდენად გაიზარდა მისი ფასი, რომ იშვიათად ვყიდულობ. ადრე ერთი ფირფიტის ფასი 5,3 ლარს შეადგენდა. ახლა 6,8 ლარამდე გაიზარდა. ლარის გაუფასურებამ ყველაფერი გააძვირა და არც წამლები დარჩა გამონაკლისი”,-განაცხადა ზეინაბ ნასყიდაშვილმა.

გაძვირებულ მედიკამენტებზე საუბრობს ზურა თვაური, რომელიც თვალის წვეთებს ”სისტეინ ულტრას” რეგულარულად მოიხმარს.

”თუ ადრე "სისტეინ ულტრაში" 11 ლარს ვიხდიდი და ახლა მისი ფასი 19 ლარამდე გაიზარდა. აღარაფერს ვამბობ სხვა მედიკამენტების გაძვირებაზე", - განაცხადა ზურა თვაურმა, რომელიც წამლებზე ფასის მომატებას რეცეპტულ სისტემას უკავშირებს.

მცირედით, თუმცა მაინც არის გაძვირებული ბავშვის ხველების წამალი ”პუროქსანი”.

მედიკამენტები გაძვირდა, როგორც პატარა, ისე ქსელურ აფთიაქებში, თუმცა დიდ აფთიაქებში მოქმედებს ფასდაკლება, რომელსაც ყველა აფთიაქი სხვადასხვა დღეს აცხადებს და ისიც გარკვეული სახის მედიკამენტებზე.

თიკო გურაშვილი