დავით დვალი: "რუსთავი 2"-ს არც ერთი თანამშრომელი არ დატოვებს

"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ამჟამად დროებით მმართველად დანიშნული დავით დვალის განცხადებით, იმ ორი ადამიანის გარდა, ვისაც უფლებამოსილება აქვს შეჩერებული , "რუსთავი 2"-ს არც ერთი თანამშრომელი არ დატოვებს, - ამის შესახებ დვალმა დღეს, სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც დვალმა აღნიშნა, მას ძალიან კარგად ესმის ის განწყობა, რაც აქვთ ჟურნალისტებს, რომლებიც თვლიან, რომ ყველანი მათ წინააღმდეგ არის. მას კარგად ესმის ის ზეწოლა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის წინაშეც ჟურნალისტები დგანან. თუმცა, მათ პირობას აძლევს, რომ მაქსიმალურად დაუდგება გვერდში და მათ საქმიანობაში არავინ ჩაერევა. "თუ ვინმეს უხარია მთავრობაში, რომ ასეთი პროცესები მიდის "რუსთავი 2"-ის ირგვლივ, მინდა გავაფრთხილო, აზრად არავის მოუვიდეს ერთი ზარის განხორციელება და ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა", - განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, ის სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც "რუსთავი 2"-ის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, არის არა დვალის და აქიმიძის მოთხოვნები, არამედ ერთობლივი შეთანხმება ქიბარ ხალვაშთან. "ჩვენი ხედვა ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით ემთხვევა და ეს მაძლევს იმედს, რომ ამ თვალსაზრისით, არანაირი გაუგებრობები არ იქნება", - განაცხადა დავით დვალმა. რაც შეეხება დროებით მმართველად დანიშვნას, როგორც დვალმა აღნიშნა, სხვა დროს ალბათ ამ წინადადებაზე უარს იტყოდა, სანამ ქიბარ ხალვაშის სასამართლო პროცესი ბოლომდე არ დასრულდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში დროებით მმართველობაზე დათანხმება გამოიწვია იმ ინფორმაციებმა, რაც გავრცელდა და რამაც დაგვანახა, თუ რის წინაშეც ვდგავართ, მათ შორის, ფარულმა ჩანაწერებმა.