"ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მხარდაჭერით ადაპტირებული სამკერვალო სალონი გაიხსნა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მხარდაჭერითა და ასოციაცია "ანიკას" ორგანიზებით, ადაპტირებული სამკერვალო სალონი გაიხსნა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2015 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა ასოციაცია "ანიკას" პროექტმა - "ჩვენ ერთად შევცვლით სამყაროს", სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაიხსნა ადაპტირებული სამკერვალო სალონი. პროექტში - "ჩვენ ერთად შევცვლით სამყაროს" ჩართულია შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე 16 ახალგაზრდა (30 წლამდე ასაკის). ისინი სწავლობენ სამკერვალო საქმეს, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.  სამკერვალოს გახსნას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი. მინისტრი გაეცნო საწარმოს საქმიანობას, შეხვდა კლუბ "ანიკას" წევრებს და პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს.

საწარმომ პირველი დიდი შეკვეთა "SOS - ბავშვთა სოფლისგან" მიიღო, შეიკერა თეთრეული ბავშვთა სახლებისთვის, ხოლო ამჟამად იკერება თეთრეული საბავშვო ბაღებისთვის. აღსანიშნავია, რომ საწარმო, ამ ეტაპზე, მუშაობს სპეციალური ტანსაცმლის შექმნაზე, რომელიც მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე და უახლოეს მომავალში იგეგმება ამ ტანისამოსის ახალი ხაზის ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება. აღნიშნული პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც თავად შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის, რადგან პროფესიული განათლება, კერძოდ კი სამკერვალო საქმის შესწავლა, საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს გაუჩნდეთ შემოსავალი, არ იყვნენ სხვაზე დამოკიდებულნი, აიმაღლონ თვითშეფასება და დაიმკვიდრონ ადგილი ცხოვრების რთულ გზაზე.