დავით დვალი დროებითი მმართველების "რუსთავი 2"-ში შესვლის ზუსტ დროს არ ასახელებს

თუ შემომიშვებთ "რუსთავი 2"-ში, ან თუ გნებავთ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მზად ვარ, ყველას გესაუბროთ და ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველმა, დავით დვალმა "რედისონში" გამართული პრესკონფერენციიდან ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიმართა.

დასმული შეკითხვის საპასუხოდ, აპირებენ თუ არა "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები ტელეკომპანიის უფლებამოსილებაშეჩერებულ დირექტორთან და კოლექტივთან შეხვედრას, დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, დვალმა აღნიშნა, რომ იგი სრულ მზაობას გამოთქვამს.

"მზად ვარ დავსხდეთ და ვისაუბროთ. თუ შემომიშვებთ "რუსთავი 2"-ში, თუ არადა სადმე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე. მე თქვენ გიყურებთ, როგორც ჩემს მომავალ თანამშრომლებს. სადაც გინდათ, როგორც გინდათ, შევხვდეთ. ვისაუბროთ ყველა ეჭვზე, რომელიც გაგაჩნიათ და ნებისმიერ მძიმე საკითხზე", - განაცხადა დავით დვალმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე აპირებენ მისვლას, თუმცა მას ზუსტი დრო არ დაუსახელებია. ასევე, დვალმა აღნიშნა, რომ პოლიცია გამოძახებული არ იქნება, რადგან დროებითი მმართველების მიზანია ყოველგვარი დაძაბულობა იქნას თავიდან აცილებული.