"თელასი" აბონენტთა მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის სამუშაოებს აწარმოებს

მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია "თელასი" აბონენტთა მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის სამუშაოებს აწარმოებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "თელასის" ბილინგის ბაზაში აბონენტის სრული მონაცემების ასახვა საშუალებას მისცემს კომპანიას, მაქსიმალურად დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები და დანერგოს დამატებითი სერვისები. წესების სრული დაცვით დარეგისტრირებული აბონენტები სმს-ის საშუალებით შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია გეგმიურ გათიშვებზე, ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადის დავალიანებებზე, ასევე გაფრთხილება ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ გადაუხდელობის შემთხვევაში.

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს კომპანიის ვებ-გვერდზე და ონლაინ-სერვისის "აბონენტის პირადი კაბინეტი" გამოყენებით თვალი ადევნოს აბონენტის ბარათის ბრუნვას და გადაიხადოს ელექტროენერგიის დავალიანება პირდაპირ ვებ-გვერდიდან.  "კომპანია მიმართავს მომხმარებლებს თხოვნით, გაუწიონ მაქსიმალური დახმარება "თელასის" თანამშრომლებს შესაბამისი მონაცემების შეგროვებაში, რათა შემდგომ მოხდეს ამ მონაცემების ბილინგის ბაზაში ასახვა. მომხმარებელი მონაცემებს გადასცემს კომპანიის თანამშრომელს, რომელსაც ექნება "თელასის" წარმომადგენელის დამადასტურებელი საბუთი.  კომპანიის საქმიანობა მუდამ იყო და მომავალშიც იქნება მიმართული მართვის სისტემების სრულყოფისკენ, თანამედროვე მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისკენ, მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალურად დაცვისკენ და საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებისკენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.