2014 წელს საქართველოში ბრაზილიიდან რქოსანი პირუტყვის ხორცის იმპორტმა 47% შეადგინა

საქართველოში მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კომპლექსური კომერციული ფერმა თითქმის არ არსებობს.

ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული.

საქართველოში მეცხოველეობას, ტრადიციულად, წამყვანი ადგილი უჭირავს. მეცხოველეობის განვითარების მთავარი მიზანი მაღალპროდუქტიული პირუტყვის მოშენება და მეცხოველეობის ხარისხიანი პროდუქტების წარმოებაა. მესაქონლეობაში, წარმოების მხრივ, სამ მიმართულებას განასხვავებენ. ესენია: მერძეული, მეხორცული და შერეული. გავრცელებული ჯიშები გამოიყენება როგორც მეხორცული, ასევე მერძეული მიმართულებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საშუალოდ, 300-350 კილოგრამს იწონის, რაც ბევრად ნაკლებია მეხორცული მიმართულების თანამედროვე ჯიშებთან შედარებით. საქართველოში ფურის საშუალო წველადობა წელიწადში 1,0-1,5 ტონას შეადგენს მაშინ, როდესაც თანამედროვე ჯიშებში წველადობის მაჩვენებელი წელიწადში 4,5 ტონას აღემატება.

უწყების ცნობით, პროდუქტიულობის მაღალი ხარისხის მიღწევა შესაძლებელია ჯიშობრივი განახლებით, სწორი კვებითა და მოვლის თანამედროვე მეთოდების დანერგვით. საქართველოში პირუტყვის ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიცინეტი 71%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ბოლო წლებში იზრდება, საქონლის ხორცის იმპორტი მაინც მნიშვნელოვნად მაღალია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში 26 700 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი აწარმოეს. 2011 წელს ხორცის წარმოებამ - 21 300, 2012 წელს - 16 200, ხოლო 2013 წელს - 20 200 ტონა შეადგინა. რეგიონების მიხედვით ხორცის წარმოების მაჩვენებლები ასე გამოიყურება: იმერეთი - 18%, ქვემო ქართლი - 17%, სამეგრელო - 15%, კახეთი - 15%, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამში ხორცის წარმოების 35% მოდის.

2014 წლის მონაცემების მიხედვით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის იმპორტიორი ქვეყნები ბრაზილია, ინდოეთი, გერმანია და უკრაინა იყო. ბრაზილიაზე იმპორტის 47%, ინდოეთზე - 27%, გერმანიაზე - 13%, უკრაინაზე - 4% ხოლო დანარჩენ ქვეყნებზე - 9% მოდიოდა.

2012 წელს იმპორტის თანხობრივმა მაჩვენებელმა 22 430 აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს პირუტყვის ხორცის იმპორტი წინა წელთან შედარებით, შემცირდა და მან 17 013 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს - 17 667 აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წელს პირუტყვის ხორცის საცალო საბაზრო ფასი 12,2 ლარიდან 12,9 ლარამდე მერყეობდა. 1კგ ხორცის ღირებულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თებერვალში დაფიქსირდა და მან 12, 2 ლარი შეადგინა.

ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის შემთხვევაში ასე გამოიყურება: 100 სულ პირუტყვზე (ფერმა) საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 200 000 ლარს შეადგენს, უკუგების პერიოდი მე-4 წელია, ხოლო რენტაბელობის შიდა ნორმა (8 წელი) - 25%.

შეგახსენებთ, რომ პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში პირუტყვის ხორცის გარდა, თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ბლის, ატმის, კიტრის, პომიდვრის, ხახვის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, მტკნარი წყლის თევზის, რძის პროდუქტების, ჩაისა და ხორბლის წარმოება მოხვდა.