შუახევის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რომან ფუტკარაძე დააკავეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ რომან ფუტკარაძემ შუახევის რაიონში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰა მიწის ნაკვეთის კანონიერი პროცედურების გავლის გარეშე სარგებლობაში გადაცემისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს ქრთამის სახით 10 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. რომან ფუტკარაძემ მოქალაქისაგან სრულად აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც იგი დააკავეს", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გამოძიება ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.