ქვემო-ქართლში მცხოვრები ფერმერები პროგრამა "დანერგე მომავალის" მიმდინარეობას გაეცნენ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის სექტემბრიდან პროგრამის "დანერგე მომავალი" მეორე ეტაპი დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის მენეჯერმა, ლევან დოლიძემ ქვემო-ქართლის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს პროგრამაში "დანერგე მომავალი" შეტანილი ცვლილებები გააცნო.  ლევან დოლიძემ პროგრამის შესახებ დეტალურად ისაუბრა და ფერმერების შეკითხვებს უპასუხა. ადგილობრივმა ფერმერებმა სურვილი გამოთქვეს, აქტიურად ჩაერთნონ აღნიშნულ პროგრამაში და გააშენონ მრავალწლოვანი ბაღები.

პროგრამის "დანერგე მომავალი" მეორე ეტაპში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში 1 სექტემბრიდან დაიწყო და უკვე 36 განაცხადია შესული. მეორე ეტაპის დაწყებისთანავე პროგრამაში შევიდა ცვლილები, რომლის შედეგად:

• მრავალწლოვანი ბაღების კომპონენტში, საქართველოს ყველა რეგიონში 5 ჰექტრის ნაცვლად მიწის მინიმალური ფართობი 1 ჰექტარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება პროგრამით რამდენჯერმე ისარგებლოს, თუმცა დაფინანსება ჯამში 100 000 ლარს, ხოლო გაშენებული ბაღის ფართობი - 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს;

• რეგიონებს, ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის ახალი კულტურები დაემატა;

• დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურია, სამეგრელო და აჭარის რეგიონებში თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში მოიხსნა შეზღუდვა წვეთოვანი სარწყავი სისტემის სავალდებულო მოწყობის თაობაზე, რაც ბენეფიციარს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს;

• გარკვეულ კულტურებზე გაიზარდა 1 ნერგზე დაფინანსების თანხობრივი ლიმიტები

• იმპორტის გზით ნერგების შეძენის შემთხვევაში, 20 %-ით გაიზარდა ერთ ნერგზე დაფინანსების დადგენილი თანხობრივი ლიმიტი;

პროგრამაში უცვლელი დარჩა სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპი: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს სააგენტო დააფინანსებს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ის დაფინანსება მოხდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის "დანერგე მომავალი" პირველი ეტაპის ფარგლებში სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცემულია 575,889 ლარის დაფინანსება. 89,6 ჰა-მდე მიწის ფართობზე გაშენდა - 84,3 ჰა ვაშლის, 1 ჰა -ატამი, 3.09 ჰა ქლიავი და 1,2 ჰა ბალის კულტურები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის "დანერგე მომავალი" განხორციელება თებერვლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30-40 ახალი (ან არსებულის გაფართოება), თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებას, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.