მდინარე ვერეს ხეობის საბაზისო გეოინფორმაციული სისტემა შეიქმნება

მდინარე ვერეს ხეობის საბაზისო გეოინფორმაციული სისტემა შეიქმნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მდინარე ვერეს ხეობის გეოინფორმაციული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავასთან ერთად დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებმა მდინარე ვერეს ხეობის მონიტორინგის სისტემისთვის პროექტი წარმოადგინეს. პროექტში ჩართული სტუდენტები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობას მიიღებენ სტიქიური და საველე მონაცემების მოპოვებასა და მათ კამერალურ დამუშავებაში. "პროექტის მიხედვით საკვლევი ტერიტორიისა და დასახლებული პუნქტების სამისამართო ბაზა შეიქმნება. ასევე, სავალე კვლევების შედეგად სტიქიის შემდგომი პერიოდის გეოეკოლოგიური მდგომარეობის პირველად მონაცემებს მოიპოვებენ. საველე კვლევის შედეგები კი პერსონალურ გეომონაცემთა ბაზებში განთავსდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მდინარე ვერეს ხეობის საბაზისო გეოინფორმაციულ სისტემას, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებები, საპროექტო ორგანიზაციები, თბილისის მერია, საგანგებო და სამაშველო სამსახურები გამოიყენებენ.