უკრაინაში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზური ნომრების მქონე ავტომობილებს დააჯარიმებენ

უკრაინის პოლიცია იმ მძღოლებს დააჯარიმებს, რომელთა ავტომობილებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სანომრე ნიშანი ექნებათ.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალური კიევი არ ცნობს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და ამ რეგიონების სხვა რომელიმე ქვეყნის შემადგენლობაში ყოფნას, საქართველოს გარდა, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველა ავტომობილი, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ნომერი ექნება, უნომროდ ჩაითვლება. მსგავსი შემთხვევების დროს უკრაინის პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - ნათქვამია უკრაინის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში მოქმედი კანონის თანახმად, უნომრო ავტომობილით გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარიმით ისჯება.

უკრაინაში ეროვნული პოლიცია, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმის შედეგად შეიქმნა, ოფიციალურად გუშინ ამოქმედდა.  ეროვნულ პოლიციას საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.