სავალუტო ფონდის მისიასთან მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტების პარამეტრები დაზუსტდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განხილვის ძირითადი თემები მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტების პარამეტრების დაზუსტება იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.  მისივე განმარტებით, ფონდის მისია საქართველოში ვიზიტს დღეს ფინანსთა სამინისტროში შეხვედრით დაიწყებს.  "განხილვის ძირითადი თემა იქნება წლევანდელი ბიუჯეტის პარამეტრების დაზუსტება, ასევე 2016 წლის პარამენტრებზე შეთანხმება. როგორც ცნობილია, ძირითადი პარამენტრები თითქმის შეთანხმებულია, უბრალოდ გვინდა, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, როგორც საქართველოსთან, ისევე რეგიონთან მიმართებაში რა მოლოდინები აქვს წელს სავალუტო ფონდს, რომელიც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს მომდევნო წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე"- განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება კითხვას - რამდენად მოსალოდნელია მომავალ წელს ეკონიმიკის ზრდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს განხილვის შედეგებზე და სავალუტო ფონდის მოლოდინებზე იქნება დამოკიდებული.