მთავრობა აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში მანდარინის მოსავლის სუბსიდირებას მოახდენს

საქართველოს მთავრობა აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში მანდარინის მოსავლის სუბსიდირებას განახორციელებს. შესაბამის საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.  როგორც სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სუბსიდირებისთვის მთავრობა 2 მილიონ ლარს გამოყოფს. "აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ჩვენ ვაპირებთ მანდარინის მოსავლის სუბსიდირება განვახორციელოთ, რა საკითხსაც დღევანდელ სხდომაზე გადავწყვეტთ. ჯამში, 2 მილიონი ლარის სუბსიდიას გამოყოფს მთავრობა. კერძოდ, კომპანიაზე, რომელიც შეისყიდის 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად, ჩვენგან გაიცემა 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.