"ენერგეტიკის სექტორი ისედაც საინტერესოა, რის გამოც სახელმწიფომ ფინანსები სხვა დარგებისკენ უნდა მიმართოს"

ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ფული არ უნდა ჩავდოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის დირექტორმა, დავით საგანელიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ენერგეტიკის სექტორი კერძო ინვესტორებისთვის ისედაც საინტერესოა, რის გამოც სახელმწიფომ საკუთარი ფინანსები სხვა დარგების განვითარებაზე უნდა მიმართოს.  საგანელიძემ არ გამორიცხა, რომ სამომავლოდ საპარტნიორო ფონდმა ენერგეტიკული პროექტების თანადაფინანსება შეამციროს და სხვა ტიპის პროექტებით ჩაანაცვლოს.

"ენერგეტიკაში ჩვენ ფული არ უნდა ჩავდოთ. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანას განუვითარებელი დარგები და რეგიონები აქვს, ვიძახით, რომ ეს დარგები და რეგიონები უნდა განვავითაროთ, რომ სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას, სხვა ტიპის წარმოებას უნდა ვუშველოთ და ჩვენი რესურსის 70% ვთხლიშეთ ენერგეტიკაში, სადაც ცხვირ-პირის მტვრევა აქვთ ინვესტორებს, ვინ შემოვა. თუ ვინმე ჩამოდის და ვეუბნები, საქართველო ასეთი კარგი ქვეყანა და რა დარგი გაინტერესებ-თქო, პირველ რიგში მეკითხება, ენერგეტიკაში რა პროექტები გაქვთ, იქნებ მოგვცეთ და მილიარდებიც რომ იყოს, მზად ვართ, დავაფინანსოთო. ენერგეტიკაში აწყობილია ბიზნესგეგმა და ბუნებრივია, ყველას უნდა შიგნით შესვლა. თუ ყველას უნდა შიგნით შესვლა, ერთმანეთს ეცილება ქართველი, თუ უცხოელი ინვესტორი, კერძო თუ სახელმწიფო კომპანიები, შენ რაღა გინდა იქ? ბევრი ფული გაქვს?", - განაცხადა საპარტნიორო ფონდის დირექტორმა.

ამის პარალელურად, საგანელიძემ "წარმატებულად" შეაფასა ფონდის მიერ აქამდე დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტები და აღნიშნა, რომ ამით დარგი ინვესტორებისთვის საინტერესო გახდა.  "რაც გაკეთდა, იმას ვამართლებ. სწორედ ამან მიიყვანა იქამდე, რომ ეს დარგი გახადა ინვესტორებისთვის საინტერესო, მაგრამ ხომ გახადე, დაანებე ახლა თავი. მე პირდაპირ ვამბობ, ჩვენ ენერგეტიკის სექტორს მხოლოდ მაშინ უნდა წავეხმაროთ, როცა სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რაღაც პროექტი სადღაც იჭედება და გვინდა, ის გავხადოთ საინტერესო. ამ შემთხვევაში ცოტა ხანი უნდა მივეხმაროთ, მაგრამ როცა მას საინტერესოს გავხდით, ისევ სხვაგან უნდა გადავხტეთ და პირობითად ვამბობ, კარტოფილი და ხახვი მოვიყვანოთ, ან მესაქონლეობას შევუწყოთ ხელი. მაშინ ვიქნებით სწორი", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.