წელიწადში რამდენ მგზავრს ემსახურება თბილისის აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში არსებული ოთხი აეროპორტიდან - თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და მესტიის, ყველაზე მეტი რეისი თბილისის აეროპორტიდან სრულდება, ამასთან, ყოველწლიურად ყველაზე მეტ მგზავრს სწორედ თბილისის აეროპორტი ემსახურება.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტ მგზავრს აეროპორტები ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარში ემსახურებიან - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი, ბუნებრივია ამ პერიოდში რაოდენობის ზრდა ტურისტების შემოსვლით აიხსნება. რაც შეეხება კონკრეტულად ბოლო წლებში მგზავრების რაოდენობას, 2012 წელს თბილისის აეროპორტი მოემსახურა 1,061,875 მგზავრს, 2013 წელს - 1,352,929, 2014 წელს კი 1,482,441 მგზავრს. 2013 წელს ქუთაისის აეროპორტი მოემსახურა 188,682 მგზავრს, 2014 წელს კი 218,682 მგზავრს. რეისების რაოდენობის მიხედვით, 2012 წელს თბილისის აეროპორტში განხორციელდა 18,160 რეისი, 2013 წელს - 18,986, 2014 წელს კი 19,106. მართალია 2015 წელი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა რვა თვის მონაცემებით 13,124 რეისი შეადგინა. ქუთაისის აეროპორტში 2013 წელს განხორციელდა 1,785 რეისი, 2014 წელს 2,172, ხოლო 2015 წლის 10 თვის მონაცემებით, შესრულდა 1,574 რეისი.

რაც შეეხება მიმართულებებს, თუ რომელ ქვეყნებში ხორციელდება თბილისის აეროპორტიდან  რეისები, ესენია - თურქეთი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი, სომხეთი, ლატვია, საფრანგეთი, იტალია და ა.შ. ქუთაისის აეროპორტიდან რეისებია - თურქეთში, უნგრეთში, უკრაინაში, რუსეთში, ლიტვასა და პოლონეთში.

კითხვაზე, რა უპირატესობა აქვს ქუთაისის აეროპორტს თბილისის აეროპორტთან შედარებით, როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში გვითხრეს, "განსხვავება არის იმაში, რომ თბილისის აეროპორტი არის საქართველოს მთავარი აეროპორტი, რომელიც არის დედაქალაქში, ხოლო ქუთაისის აეროპორტი მეორადი აეროპორტია და არის სხვა ქალაქში. ამას გარდა, ქუთაისის აეროპორტი ერთადერთი დაბალბიუჯეტიანი აეროპორტია რეგიონში, ბევრი მგზავრი იქიდან იმიტომ მიფრინავს, რომ ქუთაისში არის ავიაკომპანია, რომელსაც აქვს დაბალი გადასახადები, ვიდრე თბილისის აეროპორტში ავიაკომპანიებს". ხოლო კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნის საქართველოში არსებული აეროპორტები - "ყველა აეროპორტი ეკუთვნის შ.პ.ს. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელიც არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE