თეა წულუკიანი: საქართველო ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად ტექნიკურად მზად არის

საქართველო ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად ტექნიკურად მზად არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "რედისონში" ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მეორე პროექტის გახსნის ცერემონიაზე განუცხადა.  მისი თქმით, პროექტის მიზანია, საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით საქართველო-ესტონეთის ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოჩნდა, რომ საქართველო ტექნიკური IT მხრივ ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად მზად არის. თუმცა, წულუკიანი განმარტავს, რომ აუცილებელია სხვა ნაბიჯების გადადგმაც, იმისთვის, რომ ეს რეალობად იქცეს.  "სხვა ნაბიჯებში იგულისხმება საკანონმდებლო ცვლილებები, ელექტრონული პირადობის მოწმობის პოპულარიზაცია, ინტერნეტზე წვდომა მთელ საქართველოში, მათ შორის ყველა სოფელში", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ელექტრონული არჩევნები პირველ რიგში არჩევნებს ხელმისაწვდომს გახდის უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. "ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ჩვენ და ესტონურმა მხარემ ვიმუშავეთ იმაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ერთ დღეს ისევე, როგორც ესტონეთში ელექტრონული წესით ჩავატაროთ არჩევნები. ეს ხელმისაწვდომს გახდის არჩევნებს, განსაკუთრებით მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. როგორც ესტონურმა პროექტმა აჩვენა, ტექნიკურად IT კუთხით საქართველო ამისთვის მზად არის", - განაცხადა წულუკიანმა.