"თიბისი ბანკმა" შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან 48 მილიონი ლარის რესურსი მიიღო

"თიბისი ბანკმა" შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან 48 მილიონი ლარის რესურსი მიიღო. "თიბისი ბანკის" ინფორმაციით, ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის ლარის რესურსით დაფინანსებას აგრძელებს. 48 მილიონი ლარის ოდენობის სესხი თიბისი ბანკმა სექტორის დასაფინანსებლად შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან (BSTDB) მიიღო.  "მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან. აღნიშნული რესურსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ "თიბისი ბანკისთვის", არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენ საშუალება გვეძლევა სესხები ადგილობრივ ვალუტაში გავცეთ, რაც ადგილობრივი მომხმარებლის მხრიდან დღეს მზარდი მოთხოვნით ხასიათდება. შესაბამისად, აღნიშნული ლარის რესურსით ჩვენ შევძლებთ, გავაფართოოთ ჩვენი პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში. გარდა ამისა, ეს ტრანზაქცია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც უწყობს ხელს, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის"ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

BSTDB ბანკის პრეზიდენტის იჰსან უგურ დელიკანლის თქმით კი, აგრძელებენ წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენს დიდი ხნის პარტნიორ, "თიბისი ბანკთან" და სთავაზობენ მათ ისეთ პროდუქტს, რომელიც სავალუტო რისკების განეიტრალების შესაძლებლობას იძლევა. "BSTDB-ის მიერ ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ეს პირველი სესხი, "თიბისი ბანკს" დაეხმარება ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში", – განაცხადა დელიკანლიმ.

"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც 11 ქვეყანაშია წარმოდგენილი. BSTDB ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას როგორც სესხების, საკრედიტო ხაზებისა და კაპიტალის მიწოდების, ისე პროექტებისთვის გარანტიების შეთავაზებისა და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.