ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ახალი ფინანსური კორპორაცია ექსპორტის წახალისებას შეუწყობს ხელს

საქართველოს ნამდვილად სჭირდება ფინანსური კორპორაცია, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ახალი საფინანსო ინსტიტუტის შექმნის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, ქვეყნის განვითარების ახალი ფინანსური კორპორაცია ექსპორტის წახალისებას შეუწყობს ხელს და ამ მიმართულებით ახალ ინსტრუმენტებს შექმნის.  "ფინანსური კორპორაციის შექმნაზე გერმანიის განვითარების ბანკ, KFW-სთან ერთად ვმუშაობთ. ჯერ კიდევ 5 თვის წინ დავიწყეთ ტექნიკურ-ეკონომიკური ნაწილის შესწავლა. პირველი ფაზა დასრულებულია და დასკვნა არის დადებითი. საქართველოს ნამდვილად სჭირდება ფინანსური კორპორაცია. ეს უნდა იყოს სტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტის წახალისებას და შემოიტანს ისეთ ახალ ინსტრუმენტებს, რომელიც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. ახლა ჩვენ მეორე ფაზაზე ვართ და მხოლოდ მისი სრულად მომზადების შემდეგ შეგვეძლება იმ ახალ სტრუქტურაზე საუბარი, რომელიც უნდა ემსახუროს ჩვენ ქვეყანას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, საპარტნიორი ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის ინფორმაციით, ახალმა საფინანსო ინსტიტუმა მუშაობა გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს.