ნოდარ ხადური სამთავრობო უწყებებში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა

კარგი იქნებოდა, იმ ექსპერტს, რომელმაც ეს დაწერა, ბიუჯეტში ჩაეხედა, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამთავრობო უწყებების შრომის ანაზღაურება დაახლოებით, 57 მლნ ლარით იზრდება. ,,კარგი იქნებოდა იმ ექსპერტს, რომელმაც ეს დაწერა ჩაეხედა ბიუჯეტში, რა ხდება და მერე ისე დაეწერა ეს ინფორმაცია. ადგილობრივი თვითმმართველობებიდან სახანძრო და სამაშველო სამსახურების დაფინანსება გადმოდის ცენტრალურ ბიუჯეტში, შესაბამისად, შრომის ანაზღაურება აკლდება მუნიციპალურ ბიუჯეტებს და იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, 2016 წელი საარჩევნო წელია და შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება იზრდება. ,,გაისად არის საპარლამენტო არჩევნები და არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო კომისიის წევრები ღებულობენ შრომის ორმაგ ანაზღაურებას, შესაბამისად, იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება"- განაცხადა ხადურმა. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაისად სამთავრობო უწყებების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 57 მილიონი ლარით გაიზრდება. ამის შესახებ "კვირის პალიტრა" წერს.  "კვირის პალიტრა" "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანალიტიკოსს მიხეილ კუკავას ესაუბრა.  "2016 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 3%-იან ზრდაზეა გათვლილი, ხარჯები კი დაახლოებით 356 მილიონი ლარით იზრდება 2015 წლის ხარჯებთან შედარებით, რაც 4,45%-ით მეტია. ასევე დაგეგმილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 404 მილიონი ლარით გაზრდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 5,08%-ით აღემატება. თუ გავითვალისწინებთ, რომ წლეულს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას შეეცადა - ლარის კურსზე დამატებითი ზეწოლის ასაცილებლად, გაუგებარია, რატომ ხდება დამატებით ხარჯების გაზრდა. ამაში შედის როგორც ადმინისტრაციული, ისე პროგრამული ხარჯები. იზრდება ცენტრალური მთავრობის შრომის ანაზღაურებაც - 57 მილიონი ლარით 2015 წელთან შედარებით და დაახლოებით 389 მილიონი ლარით - 2012 წელთან შედარებით,"- განაცხადა კუკავამ.