ნოდარ ხადურის განმარტებით, სავალუტო ფონდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები სტანდარტების შესაბამისი იყოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები იყოს სტანდარტების შესაბამისი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს მომავალი და მიმდინარე წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.  "ვმუშაობთ იმაზე, რომ პარლამენტს წარედგინოს გადამუშავებული ვარიანტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის. გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მიმდინარე წლის პარამეტრებზე. თქვენ იცით, რომ დღეს საქართველოს მთავრობამ მოიწონა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების გეგმის ზრდას და სესხების შემცირებას", - განაცხადა ხადურმა.

კითხვაზე, რატომ ჩამოვიდა დაგვიანებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი არ ჩამოსულან დაგვიანებით.  "არა, არ ჩამოვიდნენ დაგვიანებით. თქვენ იცით, რომ მისია მუშაობდა საქართველოში ზაფხულის განმავლობაში. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მათთან და დღეს აქედან რომ წავალ, პირველი შეხვედრა მექნება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები იყოს იმ სტანდარტების შესაბამისი, როგორც არის, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით მიღებული.  "ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, როგორი გვექნება მომავალი წლის პროგნოზები. თქვენ იცით, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის 3%-იანი ეკონომიკური ზრდა და დაახლოებით 4,5%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რათა ფინანსური სტაბილურობა იყოს ქვეყანაში მიღწეული და ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო მაღალი", - განაცხადა ხადურმა.

კითხვაზე, რატომ გახდა აუცილებელი მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, ხადურმა აღნიშნა, რომ ძალიან წარმატებული პროექტია, ბევრი ადამიანი იღებს მომსახურებას და საჭირო გახდა თანხების დამატება. კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა 2016 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა, ხადურმა აღნიშნა, რომ ეს არის პარლამენტში წარდგენილი ვარიანტი და მუშაობა გრძელდება.