ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს უმასპინძლა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტს კანიაო ვანჟეს სამინისტროში უმასპინძლა.

სამინისტროში სოფლის მეურნეობის მინისტრსა და IFAD-ის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა, შეხვედრის შემდეგ კი მედიისათვის პრესკონფერენცია ჩატარდა. როგორც პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს და დღეისთვის ფონდს დაახლოებით 120 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება აქვს გაწეული. იგი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორია. აღნიშნული თანხით დაახლოებით 80 000-მა კომლმა ისარგებლა, 64 კილომეტრის სიგრძის საირიგაციო არხების რეაბილიტაცია მოხდა. თანხის გარკვეული ნაწილი ასევე მოხმარდა სოფლად სიღარიბის დაძლევის პროგრამას.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად ფონდი ახალ, ოთხწლიან "სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ბაზრებზე წვდომისა და მდგრადობის პროექტს" აფინანსებს, რომლის საერთო ღირებულება 16 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის მიზანი სოფლად მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა. პროექტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავება-რეალიზაციის მთლიანი ჯაჭვის ხელშეწყობას ითვალისწინებს. პრესკონფერენციაზე დანელიამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი კანაიო ვანჟე საქართველოში პირველად იმყოფება, მისი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მან შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. როგორც ვანჟემ აღნიშნა, ფონდმა საქართველოში 5 პროექტი განახორციელა, რომელთაგან ოთხი უკვე დასრულებულია, ერთი კი გრძელდება. IFAD-ის პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია, ადგილზე გაეცნოს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ფონდის მიერ დაფინანსდა საქართველოში. მისივე თქმით, საქართველოს მომავალშიც ექნება მხარდაჭერა, კერძოდ ფინანსური დახმარების 30%-ით გაზრდით. როგორც სამინისტროში განაცხადეს, 19 მილიონი ლარი მოხმარდება გადამამუშავებელ მრეწველობას. გამოცხადდება გრანტები და თანხების გაცემის მეთოდოლოგია ამ მომენტისათვის მუშავდება.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი საქართველოში 11 ნოემბრამდე დარჩება. სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კანიაო ვანჟე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. მანამდე მან სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ცენტრის, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ოფისები დაათვალიერა. აღნიშნული უწყებების საქმიანობას ადგილზე გაეცნო.