ინდოეთი ბრიტანეთისგან "მოპარული" ალმასის დაბრუნებას ითხოვს

ინდოელი აქტივისტები დიდი ბრიტანეთისგან გიგანტური ალმასის დაბრუნებას ითხოვენ.

აქტივისტთა ჯგუფმა, რომელშიც ინდოელი ბიზნესმენები და მსახიობები გაერთიანდნენ, ლონდონის უმაღლეს სასამართლოში შესაბამისი მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ძვირფასი ქვა ინდოეთიდან „საეჭვო ვითარებაში“ გაიტანეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ალმასის დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქმის მოგების დიდი შანსი აქვთ. 105-კარატიანი ალმასი სახელწოდებით „კოჰინური“ ანუ „სინათლის მთა“, XIX საუკუნეში ინდოეთიდან ბრიტანელმა კოლონისტებმა გაიტანეს და 1850 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას საჩუქრის სახით გადასცეს. ამჟამად „კოჰინური“ დიდი ბრიტანეთის დედოფლის გვირგვინს ამშვენებს და დედოფალ ელიზაბეთ მეორეს კორონაციაზე ეკეთა. „კოჰინური“ მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ალმასია, მისი ისტორია 7 საუკუნეს ითვლის. ძვირფასი ქვის ფასი 100 მილიონ ფუნტს აღწევს.