საქართველო-კვიპროსის ბიზნეს-ასოციაცია დაფუძნდა

კვიპროსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქართველო-კვიპროსის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებელი კრება გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნეს ასოციაციას სათავეში ჩაუდგება მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიის, PWC-ის პარტნიორი ლოიზოს მარკიდისი. ასოციაციის დაფუძნების ცერემონიას კვიპროსის რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური მდივანი მარიოს ციაკისი, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული რევაზ ლომინაძე და კვიპროსის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  კვიპროსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა მდივანმა მარიოს ციაკისმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.  მისი განცხადებით, შთამბეჭდავია ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების სფეროთა მრავალფეროვნება, რაც, შემდგომი გაფართოების, რეალური აქტივობისა და წარმატების საწინდარია.  "ჩვენს ქვეყნებს გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში, იდენტური ფუნქციები აქვთ, რაც აშკარად ქმნის ერთობლივი ძალისხმევის, ერთობლივი პროექტების განხორციელების, ერთმანეთის პოტენციალის გამოყენებისა და ეფექტური თანამშრომლობის შესაძლებლობებს,"-განაცხადა მან.

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის რევაზ ლომინაძის განცხადებით კი, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, პოლიტიკურ და კულტურულ კავშირებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი პარტნიორობისთვის. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველო-კვიპროსის ბიზნეს-ასოციაცია, შესაძლოა ღირებული ორგანიზაცია გახდეს ზოგადად ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებისთვის.  "დროებითმა რწმუნებულმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში ადმინისტრაციული, ფინანსური და ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის ხაზი გაუსვა საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეიტინგებს. დროებითმა რწმუნებულმა დამსწრე საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის განხორციელებულ რეფორმებზე; არსებულ და დაგეგმილ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე ევროკავშირის, დსთ-ს ქვეყნებთან, აშშ-სთან, ჩინეთთან და სხვა; საქართველოსთვის DCFTA-ს სიკეთეთა პრიორიტეტულობაზე", - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე განმარტებით, 17 ნოემბერს უკვე საქართველო-კვიპროსის ბიზნეს-ასოციაციის სამუშაო სხდომა გაიმართება, სადაც კომპანიები წარადგენენ საკუთარ ხედვებსა და ინტერესებს. განხილული იქნება ასოციაციის გაფართოების შესაძლებლობები.