ტრენინგ ცენტრში "ლურჯი ოკეანე" დროის მართვასთან დაკავშირებული სემინარი გაიმართა

ტრენინგ ცენტრში "ლურჯი ოკეანე" დროის მართვასთან დაკავშირებული სემინარი გაიმართა. ტრენინგ-კურსის მონაწილეებს ბიზნეს კონსულტანტმა დავით კენჭაძემ დროის მართვის 15 საუკეთესო წესი გააცნო და ბრაიან თრეისის ბესთსელერის - "შეჭამე ბაყაყის" ძირითადი აქცენტების შესახებ ესაუბრა. დროის ეფექტურად გამოყენების მისაღწევად, ტრენერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიზნის დასახვაზე, დღის, კვირის, თვის დაგეგმვაზე, პროფესიულ ზრდაზე. დავით კენჭაძე სემინარის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა და პროფესიული, თუ პირადი ცხოვრებიდან სხვადასხვა მაგალითი მოუყვანა. ტრენერმა მსმენელებს მოუწოდა დაფიქრებულიყვნენ საკითხზე - რა გვიშლის ხელს დროის მართვაში? მან მასტერკლასის მონაწილეებს არაერთი რჩევა მისცა, მათ შორის, ურჩია ფიქრების ფურცელზე გადატანა, კონკრეტული საქმის ან განვლილი დღის გაანალიზება, დაფიქრება - რამდენად პროდუქტიულად გამოიყენა ადამიანმა დღე, რამდენი დრო დაკარგა ფუჭად, რა ისწავლა?

ტრენინგ-კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გამოცდილების მიღების, კარიერული წინსვლის, უნარების გაუმჯობესების მნიშვნელობას. დავით კენჭაძემ ტრენინგ-კურსის მონაწილეებს დროის მართვისას შემაფერხებელი ფაქტორების დაძლევის გზებიც მიუთითა. მან ასევე დასვენების კომპონენტისა და განტვირთვის წუთების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით, სემინარის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო. ტრენინგის ბოლოს, მასტერკლასის მსმენელებს სერიფიკატები გადაეცათ. გარდა ამისა, ტრენინგ-კურსის მონაწილეები დასაჩუქრდნენ ბრაიან თრეისის ბესთსელერით "შეჭამე ბაყაყი".

"ლურჯი ოკეანე-ბიზნეს განათლება" "მედია პალიტრის" საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც აერთიანებს ორ მიმართულებას - გამომცემლობასა და ტრენინგ ცენტრს. "ლურჯი ოკეანე-გამომცემლობის" ფარგლებში მსოფლიოში დაწინაურებული ბიზნეს ლიტერატურა ქართულ ენაზე გამოიცემა. პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესთსელერები, როგორიცაა ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყი" და "გახდი გაყიდვების ვარსკვლავი"; სერიის "მარტივად" ორი წიგნი - "მართე მარტივად" და "სამუშაოს ძებნა მარტივად". რაც შეეხება, "ლურჯი ოკეანე-ტრენინგს", ეს არის საგანმანათლებლო სივრცე ბიზნესის სფეროში დასაქმებულთათვის, რომელიც კლიენტებს მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებულ, პრაქტიკული ცოდნით გამყარებულ საგანმანათლებლო პროგრამების გავლის შესაძლებლობას აძლევს.  ტრენინგის მიმართულება დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ მოკლევადიან და გრძელვადიან სატრენინგო კურსებს სთავაზობს.