Genesis - პრემიუმ ხაზი Hyundai-სგან

კომპანია Hyundai ოფიციალურად აპირებს წარმოადგინოს ახალი სუბბრენდი Genesis, რომელიც მისი პრემიუმ ხაზი იქნება.

კორეელებს დიდი ხანია ეს იდეა ამოძრავებთ და რამდენიმე მცდელობაც ჰქონდათ წარსულში, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ახლა კი, როდესაც პრემიუმ სეგმენტს ”ნათელი მომავალი” უჩანს, სამხრეთკორეული გიგანტის მესვეურებმა გადაწყვიტეს მიბაძონ იაპონელ კონკურენტებს, რომლებმაც წარსულში ასეთი ნაბიჯი გადადგეს და დღეს უკვე მყარად პოზიცირებენ ბაზარზე.

თუმცა ამ შემთხვევაშიც მყისიერი წარმატება გარანტირებული ვერ იქნება და ამას შესაძლოა რამდენიმე ათეული წელი დასჭირდეს. ამის ნათელი მაგალითია Lexus, რომელიც Toyota-მ გასული საუკუნის 90-იანებში წარმოადგინა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში, თუმცა ევროპელების გული ვერ მოიგო.

Hyundai Motor Co.-მ Genesis-ის პირველი მოდელი უკვე წარმოადგინა და მას G90 უწოდა. კომპანიის საფლაგმანო მოდელი წარმოადგენს ახალ დიზაინერულ სტრატეგიას, რომელსაც თავად კომპანიაში ”ათლეტურ ელეგანტურობას” უწოდებენ.

ავტომობილი კომპანიის სამოდელო გამაში  ტოპმოდელი იქნება და პირდაპირი მემკვიდრეა  Hyundai Equus-ის მოდელის, რომელიც უახლოეს მომავალში გაქრება წარმოებიდან. Genesis G90-ის გაყიდვები სამხრეთ კორეაში დეკემებრიდან დაიწყება.

სამხრეთკორეელები Genesis-ის ბრენდის ქვეშ 2020 წლამდე კიდევ 5 მოდელის წარმოებას გეგმავენ. მოგვიანებით კომპანია კიდევ ერთ მოდელს, G80-ს წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ Hyundai Genesis-ის მემკვიდრე იქნება. უკვე მომდვენო წლებში კი კიდევ ერთი საშუალო ზომის სედანის წარმოება იგეგმება.

რაც შეეხება ბაზარს, ”ჰიუნდაიში” იმედოვნებენ, რომ Genesis კარგად გაიყიდება საკუთრივ სამხრეთ კორეაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში.

კოკა კვირკველია