ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) განცხადებით, ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს.

სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ფათიხ ბიროლის თქმით, 2015 წლის შედეგებით ნავთობსფეროში ინვესტიციები 20%-ზე მეტით შემცირდება. მისივე თქმით, ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ექსპერტთა პროგნოზით, ნავთობზე დღე-ღამეში მოთხოვნა ყოველწლიურად 900 ათასი ბარელით გაიზრდება, 2040 წელს კი დღე-ღამის განმავლობაში მოპოვებული ნავთობის რაოდენობა 103,5 მილიონ ბარელს მიაღწევს.

IEA-ის ექსპერტები 2016 წელს ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის შემცირებასაც უკავშირებენ.

დღეს დილით მსოფლიო ბაზარზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 48 დოლარი შეადგინა.