ქადაგიძე ეროვნულ ბანკში 2017 წლამდე "დარჩება"

გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნულ ბანკში მემკვიდრედ მის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს დატოვებს. სრულყოფილი, 7-წლიანი ვადით ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს 2017 წლამდე ვერ აირჩევენ. სპეციალისტები არჩილ მესტვირიშვილს მაღალი კვალიფიკაციის მქონე, პროფესიონალ ადამიანად ახასიათებს, თუმცა, ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ იგი იქნება ქადაგიძის "ინტერესების" გამგრძელებელი. როგორც გაზეთი "რეზონანსი"წერს, საზოგადოების დიდი ნაწილი ეროვნული ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის გამტარებლად აღიქვამს, ხოლო ზოგიერთი ეკონომისტი ეროვნული ვალუტის 40%-მდე გაუფასურებას მის მიერ გატარებულ არასწორ პოლიტიკას უკავშირებს. შესაბამისად, განსაკუთრებით დიდია ინტერესი, ვინ იქნება სებ-ის მომავალი პრეზიდენტი.

გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის 7-წლიანი ვადა 2016 წლის თებერვალში გასდის. ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭომ ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიოს. "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სებ-ის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება შვიდი წევრისაგან. მათგან ქადაგიძის წასვლის შემდეგ მხოლოდ ერთი ადგილი დარჩება ვაკანტური. საბჭოს ერთი ახალი წევრი 2014 წლის დეკემბერში დაემატა. დარჩენილი 5 წევრიდან სამს 2015 წლის დეკემბერში უმთავრდება ვადა, ანუ გაზაფხულზე პრეზიდენტის ასარჩევად ხმათა უმრავლესობა ისევ საბჭოს ძველ წევრებს ექნებათ.

ამ დროისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა შემადგენლობა ასეთია: გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე - იგი საბჭოს წევრი 2009 წლის თებერვალში გახდა. მანამდე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2009 წელს სააგენტო ეროვნულ ბანკს შეუერთეს და მთლიანად ქადაგიძეს ჩააბარეს. არჩილ მესტვირიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი - 2009 წლის დეკემბრიდან საბჭოს წევრია. იგი 2002 წლიდან მუშაობს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა თანამდებობებზე. ოთარ ნადარაია, ვიცე-პრეზიდენტი -M 2009 წლის დეკემბრიდან არის საბჭოს წევრი, ეროვნულ ბანკში 2003 წლიდან მუშაობს. ლაშა ჯუღელი, საბჭოს წევრი 2009 წლიდან. იგი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში ქადაგიძის მოადგილე იყო. ვაჟა ჯანყარაშვილი, ეროვნული საბჭოს წევრი 2012 წლის მაისიდან. მანამდე კი სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა პროკურატურაში. ნიკოლოზ გონგლიაშვილიც ასევე 2012 წლის მაისიდან არის საბჭოს წევრი. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურასა და საზოგადოებრივ მაუწყებელში. ნიკოლოზ ყაველაშვილი კი მხოლოდ 2014 წლის დეკემბრიდან არის საბჭოს წევრი.

ახალი პრეზიდენტი სწორედ ამ შემადგენლობიდან უნდა შეირჩეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, საბჭო საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმოსაწერად არჩილ მესტვირიშვილს წარუდგენს. შესაძლოა, მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დეკემბრამდე დარჩეს, სანამ მას საბჭოში ყოფნის ვადა არ ამოეწურება. სავარაუდოდ, 2017 წლის იანვარში საბჭოს კიდევ 3 ახალი წევრი შეემატება, ანუ ახალი წევრები, რაოდენობა უკვე ხუთი იქნება და ბანკის პრეზიდენტსაც 7 წლის ვადით სწორედ ამ განახლებული შემადგენლობიდან აირჩევენ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ან მოვალეობის შემსრულებლად არჩილ მესტვირიშვილის დანიშვნას არ გამორიცხავს ექსპერტი ლევან კალანდაძე. მისი თქმით, საბჭოში ძალთა ბალანსი ისეა განაწილებული, რომ პრეზიდენტი აუცილებლად ქადაგიძის კადრი იქნება. "ქადაგიძე თავის მემკვიდრეს დატოვებს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს არჩილ მესტვირიშვილი. პირველ რიგში, მესტვირიშვილი არის ვიცე-პრეზიდენტი, თანაც ის არის ქადაგიძის კადრი და მას დიდი გავლენა აქვს საბჭოზე. ეროვნულ ბანკში ყველა გადაწყვეტილებას ის აწერს ხელს. ეს არ იქნება რაციონალური გადაწყვეტილება, არამედ დროის გაჭიმვისა და ვადის გახანგრძლივების საკითხი", - ამბობს ლევან კალანდაძე და დასძენს, რომ მოსწონს თუ არ მოსწონს ვისმეს მესტვირიშვილი, იგი საბჭოს წევრებიდან ყველაზე კვალიფიციური და პროფესიონალი კადრია, თუმცა იგი აშკარად არის ქადაგიძის მემკვიდრე. "ეროვნული ბანკის საბჭო ძალიან ჭრელია. ორი წევრი ეკონომისტი საერთოდ არ არის, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათ ფინანსებთან და საბანკო სფეროსთან შეხება არ ჰქონიათ, მათგან ერთი არის ქადაგიძის ნათესავი. წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის კუთხით თუ შევხედავთ, მესტვირიშვილი მართლაც საუკეთესოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ოპტიმალური კადრი. იგი ქადაგიძის გუნდის წევრია და არის მისი მემკვიდრე. რამდენად აისახება ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის გატარებულ პოლიტიკაზე ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, თუკი 2016 წლის თებერვლიდან მესტვირიშვილი გახდა პრეზიდენტი, ქადაგიძის გავლენა ეროვნულ ბანკზე დიდი დოზით შენარჩუნდება", - ამბობს ლევან კალანდაძე.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი ამბობს, რომ საბჭოს წევრების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და ვიცე-პრემიერთან კონსულტაციების შემდეგ უნდა შეირჩეს საბჭოს ახალი წევრები და შემდეგ წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნებიან საბჭოს წევრები, ვინაიდან მათი კვალიფიკაცია განსაზღვრავს ეროვნული ბანკის დამოუკიდებელ და ეფექტურ მართვას.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის საბჭო უმაღლეს ხელმძღვანეობას და ზედამხედვლობას უწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას. მისი ძირითადი ფუნქციებია, დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვის პრინციპები, დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი, დაამტკიცოს საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი, განსაზღვროს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები და სხვა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სებ-ის საბჭო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდეს. სპეციალისტების განცხადებით, ამჟამინდელი საბჭოს წევრებიც დამოუკიდებელნი და კვალიფიციურები რომ იყვნენ, ქადაგიძის ფაქტორის მიუხედავად, ეროვნული ბანკის მიმართ ამდენი კითხვა არ გაჩნდებოდა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"