2016 წლიდან საქართველოში IFAD-ის ინვესტიციები 30 %-ით გაიზრდება

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში, 2012 წლიდან, აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები და წინსვლა განხორციელდა. "პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის მეურნეობის მინისტრს მოწვევისთვის და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოხარული ვარ, რადგან საქართველომ პარტნიორული ურთიერთობითა და თანამშრომლობით აგრარულ სექტორში პროგრესს მიაღწია. ეს არის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. ჩვენ მივესალმებით დარგის განვითარების კუთხით თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინვესტიციების შემდეგი ნაკადი, რომლიც 2016 წელს იწყება, 30 %-ით გავზარდოთ", - განაცხადა ფონდის პრეზიდენტმა, კანიაო ვანჟემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტი კანიაო ვანჟე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას მოწვევით იმყოფება. "სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემაში. დღეისათვის ფონდს განხორციელებული აქვს 4 პროექტი, საერთო ღირებულებით, დაახლოებით, 120 მლნ აშშ დოლარი. ამჟამად ფონდი ახალ ოთხწლიან პროექტს - "სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მდგრადობის პროექტი" აფინანსებს, საერთო თანხით 19 მლნ აშშ დოლარი. პროექტის მიზანი სოფლად მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავება-რეალიზაციის მთლიანი ჯაჭვის ხელშეწყობას ითვალისწინებს", - განმარტავენ სამინისტროში.