აჭარის მასშტაბით ოქტომბრის თვეში ტურისტების ზრდა დაფიქსირდა

აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტებში ოქტომბრის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების 1,98 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

რაც შეეხება 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდს (10 თვე), დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელთან შედარებით ტურისტების 2,78 %-იანი ზრდა შეინიშნება. "საზღვრის მონაცემების მიხედვით, ზრდის დადებითი ტენდენცია განსაკუთრებით დიდია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორებში. 2015 წლის ოქტომბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოვიდა 5509 უცხოელი ვიზიტორი, რაც 46%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქვეყნების მიხედვით, პირველი ხუთეული უცველელია, ესენია: ისრაელი, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი და ბელორუსი. ამათგან განსაკუთრებით გამოიკვეთება ისრაელი სამჯერადი ზრდით, რაც დამატებითი ჩარტერული ფრენების შედეგია", - აცხადებენ დეპარტამენტში.

ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობა, იანვარ-ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით 14%-ითაა გაზრდილი, სულ 70176 ვიზიტორი.