ბიძინა ივანიშვილი: მთავრობის წევრებთან ძალიან აქტიურად ვმუშაობ ეკონომიკის ყველა მიმართულებით

არაფერს არ ვმართავ, მაგრამ აქტიურად ვმუშაობ საკითხებზე, რომლებიც ეკონომიკასთან კავშირშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რა სტატუსით არის ჩართული ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ირანთან მოლაპარაკებებში, რაზეც ივანიშვილმა განმარტა, რომ "ბიზნესმენისა" და "მოქალაქის" სტატუსის გარდა სხვა სტატუსი არ გააჩნია. "ირანულ გაზთან დაკავშირებით მე დაახლოებით ორი კვირის წინ ელჩთანაც მქონდა შეხვედრა. მთავრობის სხვა წევრებთანაც ძალიან აქტიურად ვმუშაობ ეკონომიკის ყველა მიმართულებით. რომ ამბობენ ვმართავ - არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ეკონომიკასთან რაც კავშირშია, მე ყველაზე აქტიურად ვმუშაობ, მათ რიცხვში მთავრობის წარმომადგენლებთან. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ირანთან მაქსიმალურად მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობები დავამყაროთ, მათ შორის, მათ წყალი უნდათ ჩვენგან", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თბილისში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას, ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მასთან "გაზპრომის" თემაზე საუბარი არ ყოფილა. "უფრო საინტერესო საუბარი გვქონდა მე და ბატონ ალიევს, ვიდრე "გაზპრომია". ეს თემა "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა აგორებული. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და მეგობრული საუბარი", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა თემებზე შედგა აზერბაიჯანის პირველ პირთან საუბარი.