"ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები" თბილისის აეროპორტიდან რეისებს განახორციელებს

"ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები" თბილისის აეროპორტიდან მსოფლიოს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ახალ რეისებს განახორციელებს. დღეს, 11:30 საათზე HUALING HOTELS &PREFERENCE-ში (მის: ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) კომპანიის წარმომადგენლები თბილისი-ურუმჩი-სეულის, თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ნიუ იურკის, თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ტორონტოს და თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ლოს-ანჟელესის მიმართულებით რეისების პრეზენტაციას გამართავენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, თბილისი-ურუმჩის რეისი კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს, 22:40 საათზე განხორციელდება.  ღონისძიებას დაესწრებიან ჩინეთის ავიახაზების სათავო ოფისის მარკეტინგის განყოფილების გენერალური მენეჯერი, საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "თბილისელების" თავმჯდომარე, სამოქალაქო ავიაციის, "ტავ ჯორჯიას", საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სხვადასხვა ჩინური კომპანიების წარმომადგენლები, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები.

შეხვედრის ბოლოს გათამაშდება ლატარია. მოგებულს გადაეცემა უფასო ორმხრივი ბილეთი თბილისი-პეკინის მიმართულებით; მეორე ადგილის მფლობელს კი – ორმხრივი ბილეთი თბილისი-ურუმჩის მიმართულებით.