ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელი ღონისძიება დღეს გაიმართება

ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელი ღონისძიება დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.

ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელ ღონისძიებას ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები დაესწრებიან.  სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თავმჯდომარე ნინო ქუბინიძე მომოიხილავს ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს, შესრულებულ სამუშაოებსა და მიღებულ შედეგებს. თემის ირგვლივ ისაუბრებენ ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი ბრუნო ბალვანერა და არასამთავრობო ორგანიზაციის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მედიისა და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა სეთური.