ბორჯომში საყრდენი კედლების რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ ბორჯომში და სოფელ ჭობისხევში საყრდენი კედლების რეაბილიტაცია დასრულდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაჭის 14 ნომერში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩატარდა დაზიანებული კედლის გამაგრებითი სამუშაოები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებობდა ძველი ქვის წყობის კედელი, რომელიც ჩამოშლის დიდი რისკის შემცველი იყო. სოფელ ჭობისხევში ცენტრალური გზის მიმდებარედ კი ახალი საყრდენი კედლის მშენებლობა განხორციელდა. როგორც გამგებელი აღნიშნავს, წლების განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრები ნაილი მახარაშვილის ოჯახი საყრდენი კედლის არარსებობის გამო მუდმივად საფრთხის წინაშე იდგა. წვიმიანი ამინდის დროს ნიაღვარი ადგილობრივი მოსახლის ეზოში ჩაედინებოდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ორივე ობიექტზე არმირებული ბეტონის კედლის მშენებლობა განხორციელდა. მათივე ცნობით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 039 ლარით დაფინანსდა და ის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "მაკდატმა" შეასრულა.