კონფერენცია - "ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვების შემცირების ინოვაციური მიდგომები" გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კონფერენცია "ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვების შემცირების ინოვაციური მიდგომები" გაიმართა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მისმა მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნეს, რომელიც შიდა წვის ძრავებში გამონაბოლქვი აირების შემცირების ინოვაციური გამოგონებების გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კონფერენციის მიზანია, მსუბუქი ავტომობილების ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების, მათ შორის გამონაბოლქვის კონტროლის ამოქმედებამდე გამოიძებნოს ამ პრობლემასთან ბრძოლის ალტერნატიული გზები. შეხვედრას ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყების მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში მოქმედი საწვავის (ბენზინისა და დიზელის) ეროვნული სტანდარტი ყოველწლიურად მკაცრდება, თუმცა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.