"ავტოგაზის" ყოფილი მფლობელები დავით ბეჟუაშვილს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებენ

სააქციო საზოგადოება "ავტოგაზის" ყოფილი მფლობელები გიორგი გერსამია და თენგიზ მაჭავარიანი დავით ბეჟუაშვილს და მასთან დაახლოებულ სახელმწიფო მოხელეებს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებენ. გერსამიამ და მაჭავარიანმა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს" მიმართეს. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2015 წლის 10 სექტემბერს "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს" სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მოგვმართა სააქციო საზოგადოება "ავტოგაზის" ყოფილმა მფლობელებმა ბ-ნმა გიორგი გერსამიამ და ბ-ნმა თენგიზ მაჭავარიანმა. მათი განცხადებით, 2007 წელს იმჟამინდელი პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილის, მასთან დაახლოებული პირებისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ იძულებით განხორციელდა "ავტოგაზის" მფლობელების მიერ დავით ბეჟუაშვილისთვის სს "ავტოგაზის" რეალურ ღირებულებაზე 15-20-ჯერ ნაკლებ ფასად მიყიდვა, რისთვისაც სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირების მიერ გამოყენებული იქნა იძულების, მუქარის, დაშინების ღონისძიებები.  ორგანიზაციის მიერ შესწავლილ იქნა სს "ავტოგაზის" მიმართ განხორციელებული ქმედებები ასევე, მისი ყოფილი მფლობელების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები, რის შემდეგაც ორგანიზაციამ იმსჯელა და დაადგინა შემდეგი: სს "ავტოგაზის" მფლობელების მიმართ ადგილი ჰქონდა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას, რომელიც მიზანმიმართულად იქნა წარმოებული პარლამენტის ყოფილი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილის მიერ, რისი თქმის საფუძველსაც იძლევა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არა კონკრეტული პირის ვარაუდები.

მოგახსენებთ, რომ სს "ავტოგაზი" 1991 წელს ჩამოყალიბებული საწარმო-გაერთიანება "საქტრანსგაზის" სამმართველო იყო. 1996-1997 წლებში საქტრანსგაზი და მასში შემავალი სამმართველო "ავტოგაზი" გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად "ავტოგაზი", სადაც 100 % წილს ფლობდა სახელმწიფო. 1998 წელს საწარმოს წილის 52 %, ხოლო 1999 წელს დარჩენილი 48 % გამოისყიდეს "ავტოგაზის" თანამშრომლების ნაწილმა - გიორგი გერსამიამ, ზურაბ ლილუაშვილმა, გიორგი ღოღობერიძემ, დავით ბერაძემ, ოთარ გერსამიამ, თენგიზ მაჭავარიანმა, გიორგი ერისთავმა, მერაბ კალანდაძემ და ირაკლი ნიკოლაიშვილმა, რის შემდეგაც 100 %-იანი წილის მფლობელები და შესაბამისად მის ბალანსზე რიცხული ქონების (5 სტაცინალური გაზგასამართი სადგური) მესაკუთრეები გახდნენ. სააქციო საზოგადოების ახალმა მფლობელებმა 1999- 2006 წლებში განავითარეს სააქციო საზოგადოება და 2006 წლისთვის, რის შედეგადაც უკვე 13 სტაციონალურ და 15 მოძრავ გაზგასამართ სადგურს ფლობდნენ. ასევე, ამავე პერიოდისთვის სს "ავტოგაზი" იყო რამდენიმე გაზგასამართი კომპანიის 50%-80%-იანი წილის მფლობელი. მთლიანად სს "ავტოგაზი" - ს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 60 000 000 $-ს(სამოცი მილიონი დოლარი).

სწორედ მას შემდეგ, რაც 2006-2007 წლებში სააქციო საზოგადოება ერთ-ერთ ფინანსურად ძლიერ და შემოსავლიან კომპანიად ჩამოყალიბდა, დავით ბეჟუაშვილმა, რომელიც 1998-1999 წლებში ს.ს. "საქგაზის" გენერალური დირექტორი და "საქტრანსგაზმრეწვი"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1999 წლიდან 2012 წლამდე კი პარლამენტის წევრი იყო, აშკარა ინტერესი გამოხატა "ავტოგაზის" მიმართ. ამ პერიოდის განმავლობაში, მისი თანაგუნდელი გიორგი ქოიავა პერიოდულად მიდიოდა აქციის მეწილეებთან და ცდილობდა დაეთანხმებინა ისინი, რომ კომპანია დავით ბეჟუაშვილისთვის მიეყიდათ, მაგრამ მეწილეები უარით ისტუმრებდნენ.  სწორედ აღნიშნული ფაქტების შემდგომ, სს "ავტოგაზში" შევიდა ფინანსური პოლიცია და დაიწყეს შემოწმება. თავდაპირველად მეწილეებს განუცხადეს, რომ ჯარიმდებოდნენ მილიონი ლარით, რის გამოც საწარმოს აქციონერებმა სესხის აღების მიზნით "საქართველოს ბანკს" მიმართეს, კრედიტოფიცერმა განუცხადა, რომ სესხს მიიღებდნენ, იქვე აცნობა მათ, რომ გაცილებით დიდი ოდენობის ჯარიმა - ექვსი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი ლარი ჰქონდათ გადასახდელი , მაგრამ საწარმოს ღირებულებიდან (60 მილიონი დოლარი) გამომდინარე მეწილეებს ლოგიკური მოლოდინი ჰქონდათ, რომ ბანკი სესხს დაუმტკიცებდა.

2007 წელს, ამავე პერიოდში დააკავეს "ავტოგაზის" ორი მსხვილი აქციონერი - მერაბ კალანდაძე და გიორგი ღოღობერიძე. კალანდაძეს ბრალად წარუდგინეს ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვა და იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, მაშინ როდესაც კალანდაძე შენახვის უფლებით, კანონიერად ფლობდა აღნიშნულ იარაღს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს წარდგენილ იქნა გამოძიებისა და სასამართლო ორგანოებში, თუმცა მათი მხრიდან არ იქნა მხედველობაში მიღებული პირდაპირი მტკიცებულება, იმისა, რომ კალანდაძე კანონიერად ფლობდა აღნიშნულ იარაღს. რაც შეეხება, მეორე აქციონერს გიორგი ღოღობერიძეს, ის სრულიად სხვა ბრალდების - კომერციული მოსყიდვისთვის იქნა დაკავებული.  "საქართველოს ბანკმა", "ავტოგაზს" მოულოდნელად კრედიტის გაცემაზე უარი განუცხადა, რა დროსაც კვლავ გამოჩნდა გიორგი ქოიავა და დავით ბეჟუაშვილისთვის 50 % წილის დათმობის სანაცვლოდ მეწილეებს ყველა პრობლემის მოგვარება შესთავაზა. მეწილეები გამოუვალი მდგომარეობის გამო დათანხმდნენ და ექვსი მილიონ სამას ორმოცდაათი ათას ლარად გადაუფორმეს აქციების 50 % დავით ბეჟუაშვილს. წილის გადაფორმებიდან მეორე დღეს 2007 წლის 14 თებერვალს ორივე ბრალდებულს, მათ წინააღმდეგ წარმოებულ სხვადასხვა საქმეზე ერთ დღეს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

• ბეჟუაშვილი, როგორც ავტოგაზის 50 %-იანი წილის მფლობელი იღებდა მონაწილეობას მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, იღებდა მოგებას, მაგრამ ბანკის ვალების და სახელმწიფო გადასახადების გადახდა დანარჩენი 50 %-ის მფლობელებს უწევდათ, რის გამოც პირადი ქონება ჩადეს ბანკებში. ამიტომ, გადაწყვიტეს დანარჩენი 50 % წილის გაყიდვა და სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება. ამ დროს გამოჩნდა კვლავ გიორგი ქოიავა და მეწილეებს სხვა კომპანიებთან მოლაპარაკების შეწყვეტა და 3 მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათას დოლარად დარჩენილი წილის ბეჟუაშვილისთვის მიყიდვა მოსთხოვა მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების ისევ დაწყებით დაემუქრა, რის გამოც რეალური ღირებულების თითქმის მეათედად დათმეს დარჩენილი 50% წილი აქციონერებმა.

• გამოძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მაგრამ დამნაშავე პირებმა განუცხადეს ავტოგაზის უკვე ყოფილ მფლობელებს, რომ მათ "ურთიერთობა დაალაგეს" და პრობლემები აღარ აქვთ. რის მერეც გამოძიება ფაქტიურად ერთ ადგილზე შეჩერებულია.

• ასევე ჩვენთვის ცნობილია 2015 წლის 4 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული საქმიდან ცალკე წარმოებისთვის გამოეყო საქმე სს ''ავტოგაზი'' კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მითვისების ფაქტზე. სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ''ბ'' ქვეპუნქტით და გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს", - ნათქვამია განცხადებაში.