2014 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში ქორწინებათა რაოდენობა შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში ქორწინებათა რაოდენობამ 31 526 შეადგინა.

ეს მონაცემი ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როცა ქორწინებათა რიცხვმა 34 693 შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს ყველაზე მეტი ქორწინება 25-29 წლის ასაკის ადამიანებზე მოდის. ამ ასაკში გასულ წელს 8 278 მამაკაცი და 6 841 ქალი დაქორწინდა. ამავე წელს იქორწინა 60 წელს გადაცილებულმა 587-მა მამაკაცმა და 306-მა ქალბატონმა.

ქორწინებაში არასოდეს იმყოფებოდა 28 194 კაცი და 28 394 ქალი; დაქორწინებულთაგან 259 კაცი და 280 ქალი იყო ქვრივი, განქორწინებული იყო 2 912 მამაკაცი და 2 420 ქალი.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში 9 119 განქორწინება დაფიქსირდა.