ბრაზილიაში ავიაკატასტროფის შედეგად უმსხვილესი საბანკო კომპანიის მენეჯერები დაიღუპნენ

ბრაზილიაში ავიაკატასტროფის შედეგად ლათინური ამერიკის უმსხვილესი საბანკო და სადაზღვევო კომპანიის, Bradesco Seguros-ის ორი მაღალი რანგის მენეჯერი დაიღუპა.

"ბიბისის" ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა თვითმფრინავის ორი პილოტიც. 

გარდაცვლილთა შორის ბანკ Bradesco-ს ვიცე-პრეზიდენტი მარკუ ანტონიუ როსი და კომპანიის ერთ-ერთი სადაზღვევო განყოფილების თავმჯდომარე ლუსიუ ფლავიუ კონდურუ დი ოლივეირა არიან.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თვითმფრინავი დედაქალაქიდან სან-პაულუში მიფრინავდა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, აფრენიდან დაახლოებით 30 წუთში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. "ბიბისის" ცნობით, ორძრავიანი თვითმფრინავი კომპანიას ეკუთვნოდა.