დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ინკლუზიური ტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

ინკლუზიური ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "რედისონში" ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ბოლო ორი წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, რათა ინფრასტრუქტურა რაც შეიძლება მეტად ადაპტირებული გამხდარიყო მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.  "ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია აღნიშნულ ადამიანებზე ზრუნვა და შესაბამისად, მათთვის ყველა იმ პირობის შექმნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს დაისვენონ, ისიამოვნონ ამ ცხოვრებით და უფრო მეტი სოციალიზაცია მოახდინონ მთლიანად საზოგადოებაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია თბილისის მერიის ორგანიზებით სასტუმრო "რედიოსნში" გაიმართა. კონფერენცია "ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის" თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. ღონისძიებას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.  ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების წარმატებული მაგალითები, მეთოდოლოგიების, სტრატეგიებისა და მიმდინარე წლის სიახლეების გაცნობა და გაზიარებაა. კონფერენცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ევროპის ინკლუზიური ტურიზმის ქსელის ასოცირებული წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარსას" მხარდაჭერით იმართება.