კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე, რადგან სხვა წყაროები გვაქვს

საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "გაზპრომთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.  "მე არაერთხელ გავაკეთე განმარტებები და გავიმეორებ, რომ ჩვენ გაზის მოცულობის ძირითად ნაწილს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, თუმცა ყოველწლიურად ჩვენ გვიხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება "გაზპრომისგან", იმ მოცულობების გარდა, რასაც ჩვენ ტრანზიტის საფასურად ვიღებთ იმის გათვალისწინებით, თუ ბაზარს რამდენი სჭირდებოდა - მე კომერციული გაზი მაქვს მხედველობაში. ყოველწლიურად ვიღებდით დამატებით მოცულობებს, ეს მოხდა შარშან, შარშანწინ, გასული წლების განმავლობაში და თუ აუცილებლობა იქნება, მომავალ წლებშიც", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე.  "ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები. 2019 წელს შემოდის ახალი პროექტი - "შაჰდენიზის" მეორე ფაზა, რომელიც სრულდება და აქედან კიდევ დამატებით მოცულობებს მივიღებთ ასე, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის. ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შემოვიყვანოთ სხვა ალტერნატიული მომწოდებლები, იყოს ამის საშუალება, როგორცაა თურქმენეთი, ირანი. ვმუშაობთ ამ მიმართულებით", - განაცხადა კალაძემ.  კითხვაზე, რაზე იყოს საუბარი საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰალ ალიევთან, კალაძის თქმით, საუბარი იყო ახალ პროექტებზე ელექტოენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით.  "იანვრიდან ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს გავლით აზერბაიჯანის ელექტროენერგიის თურქეთის მიმართულებით გატანას. საუბარი იყო ასევე გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელიც ჩვენ 2016 წელს გვაქვს დაგეგმილი, აზრებაიჯანულ მხარესაც აქვს ინტერესი მიიღოს მონაწილეობა როგორც წილობრივად, ასევე ფინანსურად", - განაცხადა კალაძემ.