"დელტამ" 2015 წლის სეზონზე სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის სამუშაოების ანგარიში წარადგინა

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ წელს 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. "დელტას" ინფორმაციით, სამუშაოების ანგარიშის ჩაბარებისას წარმოდგენილი იქნა კახეთის რეგიონში 2015 წელს დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ ჩატარებული სამუშაოები მიმდინარე წლის სეზონის განმავლობაში. შემაჯამებელი სიტყვიერი ანგარიში სსსტც "დელტას" გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა ჩააბარა.

როგორც სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" აცხადებენ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სსსტც "დელტამ" 2013 წელს დაიწყო საქართველოს მთავრობის დაკვეთით. სისტემის როგორც ელექტრონული ასევე მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი საქართველოში, "დელტას" საწარმოებში დამზადდა.  "სისტემის შემადგენლობაში შედის მართვის ცენტრი თბილისში, ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სიღნაღთან და 80 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი მთელი კახეთის მასშტაბით. სისტემის პირველი სროლები ამა წლის 28 მაისს განხორციელდა და სულ სეზონზე 1 000 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტაა გასროლილი. ზაფხული-შემოდგომის სეზონის განმავლობაში კახეთში 50 სეტყვასაშიში პროცესი განვითარდა, საიდანაც სისტემამ 47 პროცესი სრულიად გაანეიტრალა, შედეგად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ წელს 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა", -აცხადებენ "დელტაში".

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სისტემაში გამოყენებული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები დამზადებულია მსოფლიო სტანდარტების დაცვით, შეიცავს ვერცხლის იოდიდის შემცველ რეაგენტს და ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხოა. "შედარებისათვის 2014 წელს სეტყვისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალი 87 495 907 ლარი იყო. განადგურდა 78 620 ჰექტარი მოსავალი. 2015 წელს კი მომატებული სტიქიური მოვლენების მიუხედავად ეკონომიკურმა ზარალმა მხოლოდ 24 304 550 ლარი შეადგინა და დაზიანდა მხოლოდ 7542 ჰექტარი მოსავალი", -ნათქვამია "დელტას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.