ლევან და გიორგი ყარამანიშვილების წარმომადგენლებმა სასამართლოს მიმართეს

"რუსთავი 2"-ს მფლობელების, ლევან და გიორგი ყარამანიშვილების, ასევე შპს "ტელეკომპანია საქართველოს" წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქალაქო სასამართლო ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მოპასუხე მხარე საჩივრით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და ამავე განჩინების მოქმედების შეჩერებას ითხოვს. "აღნიშნული საჩივრის წარმოებაში მიღება - არ მიღების საკითხზე ამავე საქმის განმხილველი მოსამართლე ხუთი დღის ვადაში იმსჯელებს. საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში კი, სასამართლოს საჩივრის განხილვისათვის ოცი დღე აქვს", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ცნობისათვის, 2015 წლის 5 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება და დააკმაყოფილა შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით, დროებითი მმართველის დანიშვნის მოთხოვნა, რომელსაც სასამართლოს განჩინებით მიენიჭა ყველა ის უფლებამოსილება, რომლითაც მართვის და წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირები (ყოფილი მენეჯმენტი - ნ. გვარამია და კ. დამენია) სარგებლობდნენ, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე. ამავე განჩინებით, დროებით მმართველად დანიშნულ რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს უფლებამოსილების განხორციელება 2015 წლის 5 ნოემბრიდან დაეკისრათ.