საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოძრაობა დაიკეტა. აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებდა. ამ დროისათვის, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  ადგილზე მუშაობს შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ჩატარდება ინტენსიური სამუშაოები და მოძრაობა ოპტიმალურად მოკლე დროში იქნება აღდგენილი.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა - ფარცხისი - მანგლისი - წალკა - ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94 - კმ110 (ნარდევანი-როდიონოვკა (ფარავანი)) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ136 მონაკვეთზე (მლეთა-რუსეთის საზღვარი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თვისუფალია. დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის ან ლიპყინულის დროს უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია: დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმების მოთხოვნებს; გამოიყენოთ ზამთრის შესაბამისი საბურავები და თან იქონიოთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.