მებაჟეებმა საქონლის მალულად შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა საქონლის მალულად შემოტანის მცდელობები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  საბაჟო გამშვები პუნქტის "სადახლო-საავტომობილოს" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის მალულად, კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან შემოსული სომხეთის მოქალაქე ს.ნ.-ის კუთვნილი ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ სალონში არსებულ სათავსოებში დამალული საქონელი აღმოაჩინეს, მათ შორის, 7 ცალი წყლის ტუმბოს ლითონის კორპუსი, 7 ცალი შავი ლითონის ლილვი, 18 ცალი შავი ლითონის ჰიდროსარქველი, 141 ცალი შავი ლითონის მოკლე მილაკი და 75 ცალი შავი ლითონის გადასაბმელი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4227,28 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მსგავსი შემთხვევა მოხდა იმავე დღეს საბაჟო გამშვებ პუნქტში "ქუთაისის აეროპორტი". საქართველოს მოქალაქე ი. ს.-მა სცადა დეკლარირების გარეშე, მალულად შემოეტანა სხვადასხვა ტიპის საქონელი, კერძოდ, სუნამოები, კოსმეტიკური ნაკრებები, სახელოსნო იარაღი და ა.შ საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4803,52 ლარი შეადგინა. "საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ორივე შემთხვევაში მგზავრებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ, შესაბამისად, 4227,28 ლარისა და 4803,52 ლარის ოდენობით", - ნათქვამია განცხადებაში.