"ემბავუდის" ავეჯის მყიდველები ორწლიანი გარანტიით სარგებლობენ

თუკი ერთ დროს, საქართველოში წარმოებულ და დამზადებულ პროდუქციას მოსახლეობის დიდი ნაწილი სკეპტიკურად და საეჭვო თვალით უმზერდა და მისი შეძენა არაპრესტიჟულადაც მიაჩნდა, ახლა გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს და ნელ-ნელა, წარწერა - "დამზადებულია საქართველოში" თავის ადგილს იმკვიდრებს. თანაც, იმპორტულთან შედარებით, მისი ფასი შედარებით ხელმისაწვდომია და არც ხარისხია უმნიშვნელო.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა სახლში მყუდროდ იგრძნოს თავი? რა თქმა უნდა, ლამაზი, ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, კომფორტული ავეჯი, რათა დაღლილი სამუშაო დღის თუ ოჯახში დიასახლისობის შემდეგ (თუ ამ პროცესში), ეს ყველაფერი დადებით განწყობას გვიქმნიდეს და განტვირთვისა და რელაქსაციის საშუალებაც გვქონდეს. საქართველოში ავეჯის წარმოება რამდენიმე ათეულ წელს ითვლის და ბოლო წლებში, ქართული წარმოების ავეჯზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, მომხმარებელს ნდობა და სურვილი გაუჩნდა, იგი შეიძინოს. ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ემბავუდი" 20 წლის წინ დაარსდა და ჩვენი ქვეყნის გარდა, ქარხნები აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქეთსა და უკრაინაშიც აქვს. იგი აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით და ხარისხის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

დაახლოებით ათი წლის წინ, საქართველოში "ემბავუდის" იმპორტირებული საქონელი იყიდებოდა, მაგრამ როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოთხოვნის გაზრდის გამო, აუცილებელი გახდა ქარხნის დაარსება. "ემბავუდის" რეგიონის განვითარების მენეჯერის - ვასილ დვალის თქმით, აქ დამზადებული ავეჯი გადის ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთსა და რუსეთში. წარმოების თითქმის 50%-ზე მეტი ექსპორტზეა გათვლილი. ამ ეტაპზე კომპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში 30 მაღაზია აქვს. "ემბავუდში" დაახლოებით 1200 ადამიანია დასაქმებული და აქედან 300 მათგანი უშუალოდ წარმოებაშია ჩართული.

ყოველთვის, როცა ადამიანი ავეჯსა თუ სხვა პროდუქციას ყიდულობს, აქცენტს მის ხარისხსა და გამძლეობაზე აკეთებს, განურჩევლად იმისა, მასში ძვირს იხდის თუ შეძენა მინიმალურ ფასად სურს. "ემბავუდში" დამზადებულ ავეჯზე ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და წარმოების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კომპანიის რეგიონის განვითარების მენეჯერმა, ვასილ დვალმა აღნიშნა, რომ: ავეჯის დასამზადებლად ძირითადად, მერქანბურბუშელოვან ფილას, ე.წ. დე-ეს-პესა და მერქანბოჭკოვან ფილას, ე.წ. ემ-დე-ეფს იყენებენ. მათი ლამინირება გარდაბანში მდებარე ქარხანაში ხდება, თბილისის ქარხანაში კი - დაჭრა, დახვრეტა, შეფუთვა მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი მზა პროდუქციის საწყობში გადატანა და ქსელში გავრცელებაა. რაც მთავარია, წარმოება ეკოლოგიურად სუფთაა, ქარხანა თითქმის სრულად ავტომატიზებულია და ადამიანის ფიზიკური ჩართულობა ძალიან მცირეა. რაც შეეხება მასალებს, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან შემოგვაქვს. ჩვენი უპირველესი მოთხოვნა არის ის, რომ მასალებს ევროპული ხარისხის ნიშანი (E1ან E0) გააჩნდეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველობა მასალაში ფაქტობრივად არ არის. "ემბავუდი" საქართველოში ერთ-ერთი პირველი ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ISO-ს სერტიფიკატი მიენიჭა. ხარისხის კონტროლის მექანიზმი ქარხანაში თითოულ სექციაზე მიმდინარეობს. ავეჯის ვიზუალური მდგომარეობა და მავნე ნივთიერების შემცველობა ლაბორატორიულად მოწმდება. ISO-ს სერტიფიკატის მიღების შემდეგ, კომპანიას ევროპის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სიამაყით განვაცხადებთ, რომ საქართველოში წარმოებული ავეჯი ევროპაში იყიდება", - განაცხადა ვასილ დვალმა.

გარდა ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასისა, მომხმარებლისთვის საყურადღებოა პროდუქციის გარანტია და რაც უფრო ხანგრძლივია ის, მით უკეთესია. "ემბავუდის" შემთხვევაში, ავეჯი მყიდველს ორწლიანი გარანტიით გადაეცემა, რაც მათი ნდობისა და სიმშვიდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამა თუ იმ პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდასა და ნდობის ჩამოყალიბებაზე, ხშირ შემთხვევაში, დიდ გავლენას კონსულტანტიც ახდენს, კლიენტისადმი სწორი მიდგომა, დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა და ინფორმაციის სწორად მიწოდება დიდწილად განსაზღვრავს გაყიდვების რაოდენობასა და კომპანიის წარმატებასაც. უმნიშვნელოვანესია დიზაინის, ფერების სწორად შერჩევა და გემოვნებიანად შეხამება, რადგან უგემოვნოდ დამზადებულ პროდუქციას, რაც უნდა ხარისხიანი იყოს ის, მყიდველი ნაკლებად ეტანება.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, დიმიტრი გრაჩევის თქმით, მომხმარებელთა კომფორტისათვის "ემბავუდის" მაღაზია საქართველოს ყველა კუთხეშია:

"ჩვენი კონსულტანტები გადამზადებულები არიან და ტრენინგებს გადიან, რათა კლიენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება შეძლონ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მომსახურებით მომხმარებელი უკმაყოფილო არ დავტოვოთ. რაც შეეხება დიზაინს, რადგან სერიული წარმოება გვაქვს და ავეჯი ექსპორტზეც გაგვაქვს, სხვადასხვა ქვეყნის გემოვნება უნდა გავითვალისწინოთ. გვყავს დიზაინერები, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ და ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენებზე რეგულარულად დადიან. შემდეგ, ადგილობრივი ბაზრის კვლევა ხდება და რაზეცაა მოთხოვნა, იმას ვთავაზობთ".

თამთა დადეშელი

R