ევროპარლამენტის დეპუტატი: საქართველომ შესაძლოა, სირიელი მიგრანტები მიიღოს

საქართველომ შესაძლოა, სირიელი მიგრანტები მიიღოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინსმა აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდთან" საუბარში განაცხადა. მისი მოსაზრებით, თბილისი ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის ნიშნად მიიღებს. "არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ლტოლვილთა მიღების სურვილი გამოთქვას. ჩემი მოსაზრებით, საქართველოს, ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის დემონსტრირების მიზნით, შეუძლია რამდენიმე ადამიანის მიღება მაინც", - განაცხადა მამიკინსმა.

მისივე თქმით, ასოცირებულ ქვეყნებს არა აქვთ აღებული ვალდებულება, ლტოლვილთა მიღების პროცესში მიიღონ მონაწილეობა, ამიტომ საქართველოს, სხვა ასოცირებული წევრების მსგავსად, ამას ვერავინ აიძულებს. ამასთანავე, მამიკინსმა აღნიშნა, რომ ლტოლვილთა საკითხი ასოცირებულ წევრებთან ევროკავშირის დიალოგზე არ აისახება.