მერიამ არარსებული კორპუსების შეკეთებისთვის ათასობით ლარი გამოყო

რა საქმიანობითაა დაკავებული ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი ქალაქის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური? რატომ გამოიყო დედაქალაქის ბიუჯეტიდან არარსებული კორპუსების გასამაგრებლად ათასობით ლარი? - ამ თემებით გაზეთი "ალია" დაინტერესდა. გამოცემასთან მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" წევრი, გივი კუბლაშვილი აცხადებს, რომ მერიამ გამაგრებითი სამუშაოებისთვის ტენდერი არარსებულ კორპუსებზე გამოაცხადა.  "მერიაში, რა დონის არაკომპეტენტური და უნიათო ხალხი ისხდნენ, მათი ქალაქის მთავრობაში მოსვლის დღიდან ვიცოდით, მაგრამ იმას, რაც ახლა აღმოვაჩინეთ, საოცრებაც კი აღარ ჰქვია. მერიის მიერ გამოცხადებული, მიმდინარე ტენდერის თანახმად, "ვარკეთილი 3"-ის მე-3 მიკროს სამ კორპუსს უტარებენ გამაგრებით სამუშაოებს.  როგორც აღმოჩნდა, სატენდერო მონაცემებში მითითებული სამი კორპუსიდან ორი ბუნებაში არ არსებობს. მთელ ვარკეთილს რომ გადახედოთ, ამ 34-35-ე კორპუსებს, მთელი მესამე მიკროს ტერიტორიაზე ვერ აღმოაჩენთ", - ამბობს გივი კუბლაშვილი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ალია" თბილისის კეთილმოწყობის სამსახურს დაუკავშირდა.

"ტენდერი რომ გამოცხადდა, მოხდა ტექნიკური შეცდომა. ციფრებია შეყვანილი არასწორად. საკითხი გადავაგზავნეთ საფინანსო განყოფილებაში, საუკეთესო ვარიანტში მოხდება კორექტირება, თუ არა და ტენდერი ავტომატურად შეწყდება და კიდევ ერთხელ გამოცხადდება გამართული ინფორმაციით. კორპუსები, ისევე, როგორც სხვა ობიექტები, ირჩევა შემდეგი პრინციპით - ჯერ ტარდება კვლევა და ყველაზე ცუდ მდგომარეობაში რომელიც არის, იმის გამაგრება იგეგმება პირველ რიგში", - განუცხადა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ლაშა ჩხიკვიშვილმა გამოცემას.

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი "ალია"