ძლიერმა ქარმა გორის სოფლების მოსახლეობა დააზარალა

ძლიერმა ქარმა გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. არსებული ინფორმაციით, ძირითადად დაზიანებულია ვარიანის მეურნეობის დასახლება, სოფლები - საქაშეთი, შინდისი, ძევერა და ტყვიავი. აღნიშნულ სოფლებში, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, რამდენიმე ადგილას წაქცეულია ხეები და ასევე, რამდენიმე ხე ავტომობილებსაც დაეცა. დაზიანებულია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების ავტომობილები. აღნიშნული იმ დროს მოხდა, როდესაც საჯარო მოხელეები სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შემოვლას ახორციელებდნენ.

ამ დროისთვის რეგიონში კვლავ ძლიერი ქარია, შესაბამისად, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება შეუძლებელია. როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვეშაპური აცხადებს, სტიქიის ზონის სოფლებში მოსახლეობას სთხოვეს, თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლისგან. ასევე, ვეშაპურის განცხადებითვე, უკვე დაწყებულია მუშაობა ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისიის შესაქმნელად. რაც შეეხება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, მისი თქმით, ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მხოლოდ ქარის ჩადგომის შემდეგ გახდება შესაძლებელი.