სემეკმა მოქალაქეებს 75 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა 12 ნოემბრის სხდომაზე მოქალაქეებს 75 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, 12 ნოემბრის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. განსახილველი 55 საკითხიდან, 53 საკითხი მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. სემეკის ინფორმაციით, მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლო დარიცხვებს, კომპანიის დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე და კომპანიის უსაფუძვლო მოთხოვნებს მრიცხველების შეძენასთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, განხილული საკითხებიდან უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა. მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 75 842 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.  სემეკის ინფორმაციით, მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.