სოფლები, სადაც მალე ინტერნეტი იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა.

პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს 10 რეგიონის - აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი - 500-მდე სოფლისთვის.

პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ინტერნეტით ისარგებლებს აჭარის 44 სოფელი, მათ შორის ნიგაზეული, საჩინო, კოხი, ქედა, მნათობი, ახალსოფელი, ზედა ახალშენი; გურიის 30 სოფელი, მათ შორის, ნიგვზიანი, ქვიანი, ლესა, ბოხვაური, გვიმრალაური, აცანა; იმერეთის ასზე მეტი სოფელი, მათ შორის, ზედა ვანი, სულოური, შუამთა, მუხურა, ზედა საზანო, ჩხარი, ივანწმინდა, ჭალა, გორისა; კახეთის 20-ზე მეტი სოფელი, მათ შორის ზემო ბოდბე, მუკუზანი, ჩალაუბანი, წითელწყარო, გამარჯვება, ზემო ხოდაშენი; ქვემო ქართლის 50-ზე მეტი სოფელი, მათ შორის ბეშთაშენი, სამშვიდე, ქვემო სარალი, მუხათი, წინწყარო, წალკა, აიაზმი; სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლები სუჯუნა, წილორი, სამიქაო, ქოლობანი, საგვაზავო, გაღმა ზანათი, მუხური, სარაქონი, კირცხი; შიდა ქართლის სოფლები კარალეთი, ქვემო რეხა, ბერბუკი, კავთისხევი, დიდი სათივე, ზემო ოსიაური და სხვა.

საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს 2000 სოფელში შევა და მთლიანობაში ხელმისაწვდომი მოსახლეობის 91%-სთვის გახდება.

იხილეთ სოფლების ჩამონათვალი